ტრანსპლანტოლოგია – თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული დარგია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ქირურგიის, რეანიმატოლოგიის, ანესთეზიოლოგიის, იმუნოლოგიის, ფარმაკოლოგიისა და სხვა სამედიცინო-ბიოლოგიური მეცნიერების უახლეს მიღწევებს. ეფუძნება მაღალ სამედიცინო ტერმინოლოგიებს.

რომელი ორგანოების ტრანსპლანტაცია წარმოებს საქართველოში, როგორ ხდება დონორის შერჩევა და, კერძოდ, სად ტარდება ეს ოპერაცია? ამასთან დაკავშირებით “ამბიონს” ესაუბრება ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიური ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორი – პროფესორი
არჩილ ჩხოტუა:
რისი გადანერგვა ხდება საქართველოში?
დღეისათვის საქართველოში ორგანოებიდან – თირკმლის, ქსოვილებიდან კი რქოვანა გარსის ტრანსპლანტაცია წარმოებს.
თირკმლის ტრანსპლანტაცია ძირითადად ცოცხალი მონათესავე დონორებისგან ხდება, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით, ორგანოების ტრანსპლანტაცია დაშვებულია როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილი დონორებისაგან. ეს პროგრამა ჯერჯერობით არ მუშაობს. საქართველოში გარდაცვლილი დონორებიდან ორგანოების ტრანსპლანტაცია არ დაწყებულა.
ცოცხალი დონორებიდან მხოლოდ თირკმლის ტრანსპლანტაცია წარმოებს. რქოვანა გარსის აღება, ბუნებრივია, არ არსებობს საქართველოში. მისი ყიდვა და შემოტანა საზღვარგარეთიდან ხდება, რადგან რქოვანა გარსის აღებისათვის გარდაცვლილი დონორია საჭირო.
როგორ ხდება დონორის შერჩევა?
დონორის შერჩევა საქართველოში არსებული კანონმდებლობის მიხედვით ხდება. არსებობს კანონი “ორგანოთა და ქსოვილთა გადანერგვის შესახებ”, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მიღებულია 2000 წელს. იქ ზუსტად არის გაწერილი ამ სფეროს მარეგულირებელი მექანიზმები. კანონში აღწერილნი არიან პირები, რომლებიც შეიძლება იყვნენ დონორები, გაიღონ ორგანო, ან ქსოვილი.
დონორი შეიძლება იყოს: ოჯახის წევრი, უახლოესი ნათესავი, ასევე, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი. არანათესავებიდან შესაძლებელია კანონიერ ქორწინებაში მყოფი მეუღლე. საქართველოს პარლამენტმა შარშარ დაუმატა მეუღლის იგივე ნათესაობა, რაც პაციენტის დონორების ჩამონათვალში იყო. ესენი არიან ის დაშვებული პირები, რომლებიც შესაძლებელია, რომ იყვნენ დონორები. მას შემდეგ, რაც კანონით დაშვებული ჩამონათვალიდან მსურველი გამოჩნდება, ამ დონორის გამოკვლევა წყდება. პირველად სისხლის ჯგუფის დადგენა ხდება. არ არის აუცილებელი სისხლის ჯგუფი იდენტური იყოს. მთავარია შეთავსებადი გახლდეთ. მაგალითად, პირველმა ჯგუფმა შეიძლება ორგანო მისცეს ნებისმიერ დანარჩენ სამ ჯგუფს, მეოთხე ჯგუფმა კი – ორგანო მიიღოს ნებისმიერი სხვა ჯგუფიდან სისხლის თავსებადობის მიხედვით.
რაც სისხლის თავსებადობა დადასტურდება, ინდივიდუალურად მოწმდება იმუნოლოგიურად, ეს ორგანოები შესათავსებადები არიან თუ არა.
იმუნოლოგიური შეთავსება გვაჩვენებს, გავაგრძელოთ თუ არა შემდგომში ეს თანხვედრა. თუ იმუნოლოგიურად შეთავსებულია, შემდეგ უკვე დონორისა და რეციპიენტის გამოკვლევა იწყება ყველა იმ გამოკვლევის მეთოდით, რაც ამ დროს არის აუცილებელი და რაც არსებობს კანონში.
ოპერაცია მერყეობს დაახლოების 3-4 საათის განმავლობაში და მიმდინარეობს წარმატებით.
როგორია შედეგები?
ჩვენი შედეგები ამ ოპერაციებისა ძალიან ახლოს არის დასავლურ-ევროპულ შედეგებთან. აქ უნდა გამოვყოთ ორი ეტაპი. მნიშვნელოვანია იცოდეს აუდიტორიამ, რომ გვაქვს შედეგები დონორისა და რეციპიენტის მხრივ, ფაქტობრივად, ორი ოპერაცია ტარდება: ერთი – ორგანოს აღება, მეორე – ტრანსპლანტაცია.
დონორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დონორები გამცემი პირები არიან და მათ ოპერაცია უკეთდებათ არა სამედიცინო ჩვენებით, არამედ იმიტომ, რომ გაიღონ ორგანო და გააკეთონ კეთილი საქმე.
ყველა ჩვენი დონორი ცოცხალი ადამიანი გახლავთ, არ აქვთ თირკმლის პრობლემა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია.
შევისწავლეთ ჩვენი დონორების ფსიქოსოციალური მდგომარეობა, მათი ცხოვრების ხარისხი დონაციის შემდეგ და აღმოჩნდა, რომ დონორების ფსიქოსოციალური ვითარება ძალიან კარგია. უკეთესი, ვიდრე მათი ასაკის სხვა პირებისა, რომელთაც ეს ოპერაცია არ გაუკეთებიათ. ისინი ჯანმრთელ ადამიანებზე უკეთესად გრძნობენ თავს.
რაც შეეხება პაციენტებს, აქ სტატისტიკა იგივეა, რაც დასავლურ-ვეროპაში და განვითარებულ ცივილიზებულ ქვეყანაში.
რამდენი ხანია, რაც საქართველოში ტრანსპლანტაცია კეთდება?
საქართველოში პირველი ტრანსპლანტაციის ოპერაციები ჩატარდა 1978 წელს საბჭოთა კავშირის პერიოდში. მაშინ მოსკოვიდან ჩამოიტანეს ოთხი გარდაცვლილი დონორიდან აღებული თირკმელი. პაციენტები ქართველები იყვნენ.
პირველი ოპერაცია ქირურგიის ინსტიტუტში გაკეთდა. ამის შემდეგ, 1995 წლამდე ეს ოპერაცია არ ჩატარებულა. 1995 წელს კი ჩვენს ცენტრში შესრულდა, მაშინ იყო ა. წულუკიძის სახელობის ეროვნული ცენტრი, უროლოგიის ინსტიტუტი.
ჩვენი ფრანგი კოლეგების დახმარებით დავიწყეთ ისევ ამ ოპერაციების კეთება. თავიდან პირველი 4-5 ოპერაცია ჩავატარეთ ფრანგ კოლეგებთან ერთად და მერე გავაგრძელეთ ეს პროგრამა.
ამის შემდეგ ქირურგიის ინსტიტუტმა დაიწყო ისევ.
ჩვენს ცენტრში 2000 წლიდან გაკეთებულია 75 თირკმლის ტრანსპლანტაცია.
სად კეთდება ტრანსპლანტაცია?
2000 წლიდან ტრანსპლანტაცია კეთდებოდა ჩვენსა და ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. ვატარებდით 2/3, ისინი – 1/3. ბოლო 2-3 წელია ქირურგიის ცენტრმა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო პროგრამა გააჩერა. ამიტომ ამ ოპერაციებს მხოლოდ ჩვენ ვაკეთებთ.
ოპერაციის შემდეგ როგორ უნდა მოიქცნენ პაციენტები?
დონორებში წარმოებს მონიტორინგი ისევე, როგორც რეციპიენტებისა, თუმცა ეს უფრო მკაცრ და მჭიდრო ვადებში. რეციპიენტებმა მუდმივად უნდა მიიღონ მედიკამენტები, რომლებსაც მათ ექიმი გამოუწერთ, ანუ ისეთი პრეპარატები, რომლებიც იმუნური სისტემის აქტიურობას თრგუნავს. სულ 2 წამალია, რომლებიც მათ მუდმივად უნდა მიიღონ მანამ, სანამ ტრანსპლანტანტი ფუნქციონირებს იმისთვის, რათა არ მოხდეს ამ ტრანსპლანტანტის მოცილება მისი ორგანიზმის მიერ. მათ უნდა დაიცვან ის რეკომენდაციები, რომლებიც არის მკაცრი: უნდა შეწყვიტონ თამბაქოს წევა, ნარკოტიკების მიღება და ა.შ. სხვა მხრივ, რეციპიენტები სოციალურად რეაბიტირებულნი ხდებიან. შეუძლიათ იარონ სამსახურში, დაოჯახდნენ, შვილებიც კი ეყოლოთ და ა.შ.
რეგულარულად უნდა ჩაიტარონ ანალიზები, თუ მათ დაიბარებს ექიმი.
თუ გაქვთ საერთაშორისო კონტაქტები?
ჩვენ გვაქვს სამეცნიერო, კოლეგიალური კონტაქტები. მე, პირადად, 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ისრაელის, იტალიისა და გერმანიის სამედიცინო ცენტრებში, სწორედ ტრანსპლანტოლოგიის მიმართულებით. ისინი ჩამოდიან ჩვენთან სტუმრად, ჩვენც მივდივართ მათთან. ვაკეთებთ ერთობლივ ოპერაციებს და ა.შ. კარგი ურთიერთობები გვაქვს დასავლეთ-ევროპისა და სხვა ცივილიზებულ ტრანსპლანტოლოგიურ ცენტრებთან.
არის თუ არა პერსპექტივა ღვიძლისა და გულის გადანერგავსთან დაკავშირებით?
ამ თემებზე მუდმივად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ჩვენი კოლეგები, ქირურგები, მათ შორის, ტრანსპლანტოლოგები აქტიურად ცდილობენ, რომ დაიწყონ ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა. ეს ძალიან აქტუალურია. საქართველოში ღვიძლის ციროზით დაავადებულთა რიცხვი ძალიან მაღალია. ამ დროს პაციენტს რომ შესთავაზო მეტნაკლები მკურნალობა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ამის საშუალებაც არ არის. არ არსებობს ღვიძლის ჩანაცვლების თერაპია. ეს პაციენტები, პრაქტიკულად, იღუპებიან.
ჩვენი კოლეგები მოლაპარაკებებს სხვადასხვა ტრანსპლანტოლოგებთან აწარმოებენ და გრძელდება მუშაობა. იმედია, როდესღაც დაგვირგვინდება.
უფრო იოლი იქნებოდა, გარდაცვლილი დონორებიდან დაწყებულიყო, რადგან ყველამ გარდაცვლილი დონორებიდან ააწყო ეს პროგრამა, ანუ გარდაცვლილი დონორებიდან აიღო ღვიძლი და შემდეგ უკვე – ცოცხალი დონორიდან. ცოცხალი დონორიდან ღვიძლის აღება მაღალ რისკთან არის დაკავშირებული ქირურგიული გართულებების გამო. ეს არ არის თირკმელი (ლუწი ორგანო), რომ ერთი აიღო და მეორე დარჩეს. ღვიძლი უნდა გაიყოს. ორგანიზმიდან ნახევარი უნდა აიღო და ნახევარი დაიტოვო. ეს მთელ ქირურგიულ გართულებებთან არის დაკავშირებული.
გულის გადანერგვასთან დაკავშირებული გეგმები ბავშვთა კარდიო-ქირურგიულ ცენტრში არსებობს. იმ პაციენტის მონაცემთა ბაზაც აქვთ, რომელთაც ეს ესაჭიროებათ. ჩემთვის უცნობია, იდგმება თუ არა ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯები. აქ გარდაცვლილი დონორი აუცილებელია. ისე გულს ვერ გადანერგავ, რადგან კენტი ორგანოა.
როგორც კი გარდაცვლილი დონორებიდან ორგანოების ტრანსპლანტაციის პროგრამა დაიწყება, ჩვენი კარდიოქირურგების სპეციალიზაცია, მათი ცოდნა, მათი შესაძლებლობები სრულიად დააკმაყოფილებს იმას, რომ მოკლე დროში დაიწყონ გულის ტრანსპლანტაცია.
გულის ტრანსპლანტაცია ტექნიკურად ყველაზე ადვილი შესასრულებელია სხვა ტრანსპლანტაციებთან შედარებით. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რაიმე დიდი პრობლემა იქნება. ამისათვის აუცილებელია გარდაცვლილი დონორებიდან ორგანოების აღება.
მამა კონსტანტინე გიორგაძე (წმ.იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური):
ტრანსპლანტოლოგია შეიძლება დავყოთ შემდეგ სახეობებად:
ა) ალოტრანსპლანტაცია, ანუ ჰომოტრანსპლანტაცია (ორგანოების გადანერგვა ცოცხალი ადამიანებისაგან).
თანამედროვე მედიცინაში სულ უფრო ფართოვდება ჩვენება სხვადასხვა სახის გადანერგვებისადმი, რაც უთუოდ გვევლინება საფუძვლად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში უკვე არსებობს დონორული ორგანოების დეფიციტი. დროის ნებისმიერ მომენტში უამრავი ადამიანი ელოდება დონორულ ორგანოებს.
ტრანსპლანტოლოგთა უმთავრესი წესია: დონორული ორგანოები უნდა იქნეს გადანერგილი უფრო მეტად ოპტიმალური პაციენტისთვის მკაცრად დადგენილი სამედიცინო (იმუნოლოგიური) ჩვენებების მიხედვით.
საქართველოს კანონში ,,ტრანსპლანტოლოგიის შესახებ” მკაფიოდაა ნათქვამი, რომ ადამიანის ორგანოები და ქსოვილები არ შეიძლება გახდეს ყიდვა-გაყიდვის საგანი.
არგუმენტები – ორგანოს მაღალი ფასი, რომელიც შეუძლია გადაიხადოს უცხოელმა მყიდველმა, რათა უზრუნველყოს მესამე ქვეყნების დონორების (მათ შორის საქართველოს) ცხოვრების ნორმალური დონე და იხსნას ბევრი ადამიანი შიმშილისაგან – ცინიზმია კეთილი ნიღბით.
ამ შემთხვევაში, ცოდვად ჩაითვლება ის მომენტი, რომელიც დონორს უბიძგებს ფინანსური მოტივაციისკენ. ცოდვა დახვეწილია. ის თითქოს და მხოლოდ კეთილ მიმართულებებს ეფუძნება: დავეხმაროთ თუნდაც მდიდარ, მაგრამ ავადმყოფ ადამიანს, მივცეთ მას საკუთარი ორგანო და ამით არაფერი შავდება, თუ საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მიიღებ ფინანსურ კომპენსაციას.
სხეული შექმნილია არა ჩვენ მიერ, არამედ ღვთისგან და მასვე ეკუთვნის, ამიტომ როცა ადამიანი ყიდის თავისი სხეულის ნაწილს, ან აბარებს სისხლს ფინანსური მოტივაციით, ის ჩადის ცოდვას უფლის იმ მცნების წინააღმდეგ, სადაც წერია: ,,არა იპარო,” რამეთუ იღებს იმას, რაც მიეკუთვნება არა მას, არამედ მისი სხეულის შემქმნელს – უფალს.
გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა, მაგალითად, ოჯახის რომელიმე წევრი ყიდის ორგანოს, ან სისხლს, რომ ამ ფულით დააფინანსოს თავისი ნათესავის, ოჯახის წევრის, ან თუნდაც სხვა ვინმე ადამიანის სასიცოცხლო ქირურგიული ოპერაცია, გამოისყიდოს თანამემამულე ტყვე, რომელიც სამშობლოსათვის ომობდა, ან იხსნას უსამართლოდ დაჭერილი პატიმარი, რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრება, ანუ როცა ადამიანი, მხოლოდ ამაღლებული მოტივაციებით ხელმძღვანელობს და მის მიერ გაღებული მსხვერპლი მოყვასისათვისაა საჭირო, ეს არის მსხვერპლი თვით ქრისტეს მიმართ: ,,უფროისი ამისსა სიყვარული არავის აქვს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის” (ინ. 15, 13).
ბ) აუტოტრანსპლანტაცია.
ამ შემთხვევაში ტრანსპლანტანტის რეციპიენტი გვევლინება თავისი თავის დონორად. მაგალითად, აკეთებენ კანის აუტოტრანსპლანტაციას, როცა დაუზიანებელი უბნებიდან იღებენ ჯანმრთელ ქსოვილს და გადააქვთ დამწვრობით გამოწვეულ დაზიანებულ ადგილებზე; ასევე, ძვლის ტვინის, ან გემოპოეტური ღეროვანი უჯრედების აუტოტრანსპლანტაციას, რომელსაც ახორციელებენ მაღალდოზიანი სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის შემდეგ (ლეიკოზების, ლიმფომების და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების დროს).
გ) იზოგენური ტრანსპლანტაცია.
ამ შემთხვევაში ტრანსპლანტატის დონორად გვევლინება რეციპიენტისადმი გენეტიკურად და იმონოლოგიურად 100%-ით იდენტური ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპისცალი.
ეკლესია ყოვლად მიუღებლად მიიჩნევს ე. წ. ფეტალური თერაპიის მეთოდის გამოყენებას, რომლის საფუძველზეც ხდება ჩანასახის, აგრეთვე, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აბორტირებული ადამიანის ორგანოებისა და ქსოვილების ამოკვეთა და გამოყენება დაავადებების მკურნალობისა და ორგანიზმის “გაახალგაზრდავების” მიზნით. ეკლესიას, რომელიც სასიკვდილო ცოდვად მიიჩნევს აბორტს, არ შეუძლია გამართლება მოუძებნოს მას იმ შემთხვევაშიც, თუ ჩასახული ადამიანის სიცოცხლის მოსპობით სარგებელი შეიძლება მიენიჭოს ვინმეს ჯანმრთელობას. ამგვარი პრაქტიკა (თვით მაშინაც, თუ მისი ეფექტურობა, რომელიც ჰიპოთეტურია ამჟამად, მეცნიერულად დამტკიცებულ იქნა) წარმოადგენს უზნეობას და ატარებს დანაშაულებრივ ხასიათს.
დ) ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვა გარდაცვლილი ადამიანისაგან.
ქრისტიანული თვალსაზრისით, მკვდარი სხეული განიხილება პიროვნულ სივრცედ. პატივისცემა მიცვალებულისადმი უშუალოდ დაკავშირებულია ცოცხალი ადამიანის პატივისცემასთანაც, მიცვალებულისადმი უდიერად მოპყრობას, კერძოდ, დაზიანებების მიყენებას საბოლოოდ მივყავართ ცოცხალი ადამიანისადმი უპატივცემულობამდე.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სიცოცხლეშივე ანდერძად ტოვებს თავისი ორგანოს გამოყენების უფლებას სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ეს არ ეწინააღმდეგება ეკლესიური ეთიკის ნორმებს, რამეთუ ამგვარი ქმედება ჩადენილი იქნება შეგნებულად, სიკეთისა და ქველმოქმედების მიზნით.
სხვა დანარჩენ შემთხვევებში საკითხი, ალბათ, ღიად უნდა დავტოვოთ.
ე) ტრანსპლანტანტების გადანერგვა სინთეზირებული პოლიმერული პრეპარატებით.
ამ შემთხვევაში ეს საკითხი არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ კანონებს, რამეთუ საქმე გვაქვს ხელოვნური მატერიალის გამოყენებასთან, რომელიც არის ნაყოფი თვით ადამიანის შემოქმედებისა მეცნიერული ტექნოლოგიების გამოყენებით. გამონაკლისს წარმოადგენენ კოსმეტოლოგიური ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავენ, მაგალითად, პაციენტის ბიუსტის, ან გენიტალიების ფორმის შეცვლას, რამეთუ ასეთი გადანერგვების (ცხიმოვანი ქსოვილის, ან სპეციალური პროტეზების და სხვ.) ძირითად მოტივად ვნება და მრუშული აზროვნება გვევლინება. ასეთი ოპერაციების შედეგს მრუშობის ცოდვის რეალიზაცია წარმოადგენს.
ვ) ქსენოტრანსპლანტაცია (ქსოვილების გადანერგვა ცხოველებისაგან).
ეს მეთოდი გამოიყენება, მაგალითად, თერმული დაზიანებების დროს, როდესაც სპეციალურად დამუშავებული ღორის ტყავით ფარავენ ნაიარევ დეფექტს. ამ შემთხვევაში ეს ცოდვა არ არის, რადგან ამ დროს გამოიყენება არა სულიერის, არამედ მშვინვიერი ცხოველის სხეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ცხოველების ქსოვილის გამოყენება, რომლის დროსაც არ ხდება არევა ადამიანისა და ცხოველის გენური სტრუქტურებისა, უხეში შედარებით უტოლდება იმას, როცა ცხოველებს ვიყენებთ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ან სხვა რაიმეს დასამზადებლად.
2008 წლის ივნისში ბარსელონაში პროფესორმა პაოლო მაკიარინიმ ჩაატარა ღეროვანი უჯრედებიდან მიღებული ადამიანის ორგანოს პირველი გადანერგვა. გადანერგილ იქნა ზრდასრული ადამიანის ტრაქეა, რომელიც ურთულესი ტექნოლოგიებით შექმენს: ექიმებმა გამოიყენეს ახლად გარდაცვლილი ადამიანის ტრაქეა. ქიმიური პრეპარატების მეშვეობით მასში ნეიტრალიზება გაუკეთეს ცოცხალ უჯრედებს. ასეთი ორგანოს ბოჭკოვან-ცილურ ქსოვილში შეიყვანეს პაციენტის ძვლის ტვინიდან აღებული ღეროვანი უჯრედები. ეს უჯრედები ვითარდებოდნენ სპეციალურ ბიორეაქტორში ოთხი დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ტრაქეა მზად იყო გადანერგვისთვის. ერთი თვის შემდეგ გადანერგილი ორგანოს სისხლის მიმოქცევა მთლიანად აღდგა.
ტრანსფუზიოლოგია
როდესაც ნოესა და მის შთამომავლებს უფლება მიეცათ ღვთისგან მიეღოთ ყოველგვარი ცხოველური საკვები, ამავე დროს, სასტიკად იყო აკრძალული ამ ცხოველების სისხლის გამოყენება საჭმელში: ,,სხეულის სული სისხლშია” (ლევ.17,11) და კიდევ, ,,სისხლი არის სული.” (მეორ.16,23). აღნიშნული აკრძალვა არა ერთხელ მეორდება მოსეს კანონმდებლობაში, როგორც ჩვეულებრივ მისაღებ საკვებთან დაკავშირებით, ასევე იმ ცხოველებთან მიმართებაშიც, რომელთაც ებრაელები ღებულობდნენ წმიდა წესებისა და ზეიმების შესრულების დროს (ლევ.3,17,7,26,27, მეორ. 17,16,23,24,15).
შესაწირი ცხოველების სისხლი ითვლებოდა წმიდად, განწმენდის, გამოსყიდვის, გულის მოლბობისა და უფალთან შერიგების საშუალებად. კანონის დამრღვევი სიკვდილით ისჯებოდა. ამ აკრძალვას ყველა ქრისტიანი არ იცავს, თუმცა მოციქულები და მათი მოწაფეები მტკიცედ იცავდნენ მოსეს ამ წესს. (საქ.15,29). მთავარი მიზეზი, რომლის გამოც მოსეს კანონით იკრძალებოდა სისხლის მიღება საკვებთან ერთად, უთუოდ იმაში მდგომარეობდა, რომ სისხლი უმთავრესად ეძღვნებოდა ღმერთს… პირველი აღთქმა სისხლის გარეშე არ დამტკიცებულა და მოსემ კანონიერად წარმოთქვა რა ყველა მცნება ხალხის წინაშე, აიღო ხბოებისა და თხების სისხლი წყალთან და ბეწვთან ერთად და უსუპით ასხურა როგორც თვით წიგნს, ასევე მთელ ხალხს და თქვა: ,,ეს არის აღთქმის სისხლი, რომელიც დაგიტოვათ თქვენ ღმერთმა. ასევე სისხლით ასხურა ღვთისმსახურების ყველა ჭურჭელი” (ებრ. 18-22). როგორც ჩანს, თავად სისხლი არ გვევლინებოდა ცოდვების მიტევებისა და გამოსყიდვის საფასურად და თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მხოლოდ იმ მიმართებაში, რომ გვევლინებოდა მისტიურ წინასახედ სხვა, უფრო მაღალი სისხლისა, რომელიც დაიღვარა ჯვარზე ადამიანთა მოდგმისათვის უფალი იესო ქრისტეს მიერ. სწორედ სისხლს ენიჭება უდიდესი მისტიური მნიშვნელობა. საიდუმლო სერობის დაწესების კულმინაციურ მომენტს ღვინის უფლის სისხლად გარდაქმნის საიდუმლო წარმოადგენს. ჩვენ არ შეგვიძლია ბოლომდე შევაფასოთ უფლის სისხლთან დაკავშირებული საიდუმლოებები, ამიტომ, როგორც მოგვეცა უფლისგან, ჩვენც ისე უნდა მივიღოთ დიდი მეცნიერული გამოძიების გარეშე და უფლის ღრმა რწმენით.
No comments:
Post a Comment